„გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა“ (GYRC) ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის თანამშრომლები შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ირაკლი სირაძეს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, მარინა ჯაფარიძესა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ალეკო მამეშვილს. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო.
შეხვედრაზე, მერის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ 36 თვიანი პროექტი, საქართველოს ექვს რეგიონში: იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება. „ისწავლე დასაქმებისთვის!“ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს:
• შეისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური;
• ჩაერთონ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას;
• გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა;
• ისარგებლონ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.